 ﻿ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ქართულის მონათესავე მეგრული, ლაზური და სვანური ენები, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენას და საერთოდ, - ქართული ენის ისტორიის შესწავლას.
 თანამედროვე ქართულ ენაში არის შვიდი ბრუნვა, მრავალპირიანი უღლება.
 ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხური კი თავის მხრივ მიღებულია ასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი). თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით (ქართული ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია) შედგენილობას.
 ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებად დღემდე ითვლებოდა დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ.წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასევე ასომთავრული წარწერა (492-493 წწ). აწ განსვენებული ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000-2003 წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ ქართული ანბანი ქრისტიანობამდეა შექმნილი. კერძოდ, აღმოჩენილ იქნა წარმართული ხანის, მითრას კულტის სახელზე აგებული ტაძრის ნაშთები, რომლის მარანში, საწნახელზე და ქვევრის თავებზე აღმოჩენილი წარწერები ახ.წ. I-II საუკუნეებით